Friday, June 15, 2012

მიკროკონტროლერის პროგრამირება ერთ დღეში (ნაწ. 2)


მიკროკონტროლერის პროგრამირება ერთ დღეში (ნაწ. 2)
          წინა სტატიაში აღწერილი იყო გრაფიკულ კომპილატორში (Algorithm builder ) ალგორითმისა და პროგრამული კოდის შექმნის პროცესი Atmega8 მიკროკონტროლერისათვის. მიღებული პროგრამული კოდი (Mc1day.hex) პირდაპირ შეიძლება იქნას ჩაწერილი მიკროკონტროლერის FlashROM -მახსოვრობაში, მაგრამ პროგრამის გამოცდისათვის საჭირო იქნება მთელი მოწყობილობის აწყობა და გამართვა. ჩვენს შემთხვევაში ეს დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, ვინაიდან საქმე მხოლოდ ერთი შუქდიოდის მიერთებას ეხება, მაგრამ მეტ-ნაკლებად რთული სქემის შემთხვევაში, ცხადი ხდება პროგრამის გამართულობის წინასწარი შემოწმების აუცილებლობა. პროგრამული პროდუქტი – Proteus შეიცავს ელექტრონული მოწყობილობების პრინციპული სქემების შექმნის და მათი მუშაობის მოდელირების პროგრამას -ISIS და ნაბეჭდი დაფების პროექტირების პროგრამას -ARES. ჩვენ ამ სისტემიდან გამოვიყენებთ მხოლოდ პირველ მათგანს.
Proteus -ის დაინსტალირების შემდეგ გაუშვით პროგრამა ISIS. მენიუში აირჩიეთ “Library” “Pick Device/Symbol” და ახლად გახსნილი ფორმის ფანჯარაში “Keywords” ჩაწერეთ atmega8. პროგრამა მოძებნის ამ კომპონენტს თავის ბიბლიოთეკებში და გვიჩვენებს მის სქემატურ აღნიშვნასა და (თუ ეს შესაძლებელია) მისი კორპუსის ნახაზს. დააჭირეთ “OK”. მიკროკონტროლერი ATMEGA8 აისახება ჩვენი პროექტის ფანჯარაში “Devices”. გაიმეორეთ კომპონენტის შემოყვანის პროცედურა. ამჯერად ფანჯარაში “Keywords” ჩაწერეთ led-red. “led” წარმოადგენს “light emission diode” -ის აბრევიატურას. ასე ეწოდება შუქდიოდს ინგლისურად. ჩვენ ამოვირჩიეთ კომპონენტი “წითელი შუქდიოდი”. ეს კომპონენტი არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტული ფირმის, კონკრეტული მარკის შუქდიოდს. ის Proteusis შუქდიოდის სამოდელო პრიმიტივია. ამიტომ მას არავითარი კორპუსი არ შეესაბამება. ბოლოს დაგვჭირდება კიდევ ერთი კომპონენტი – რეზისტორი. ეს უბრალოდ ელექტრული წინაღობაა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ შუქდიოდში მეტისმეტად დიდმა დენმა არ გაიაროს. პროექტში მის შემოსაყვანად გაიმეორეთ კომპონენტის შემოყვანის პროცედურა და ფანჯარაში “Keywords” ჩაწერეთ res. ახლა პროექტში გვაქვს სამივე საჭირო კომპონენტი. “Devices” ფანჯარაში აირჩიეთ RES და მოათავსეთ იგი საპროექტო ფურცელზე. თაგუნას ღილაკზე ყოველი დაჭერისას შეიქმნება კომპონენტის ახალი
 ეგზემპლარი. ეს იმიტომ ხდება, რომ პროგრამა იმყოფება კომპონენტების რეჟიმში. პროგრამის ინტერფეისის მარცხენა მხარეს განთავსებულია რეჟიმების პანელი.


კომპონენტების რეჟიმიდან გამოსასვლელად აირჩიეთ მონიშვნის რეჟიმი. ჩვენ გვჭირდება სულ ერთი რეზისტორი. ამიტომ მონიშნეთ ზედმეტი კომპონენტები და თაგუნას მარჯვენა ღილაკის მენიუში აირჩიეთ “Delete Object”. მონიშნეთ ასევე დარჩენილი რეზისტორი და თაგუნას მარჯვენა ღილაკის მენიუში აირჩიეთ “Edit Properties”. ახლად გახსნილი ფორმის ფანჯარაში “Resistance” მნიშვნელობა 10k შეცვალეთ 100-ზე. ამ პროცედურით რეზისტორის წინაღობის მნიშვნელობა 10 კილოომიდან შეიცვალა 100 ომზე. განალაგეთ საპროექტო ფურცელზე დანარჩენი კიმპონენტების თითო ეგზემპლარი. გადადით ტერმინალების რეჟიმში, ამოირჩიეთ “GROUND” და ეს კომპონენტიც განათავსეთ საპროექტო ფურცელზე. ახლა მონიშვნის რეჟიმში განახორციელეთ საჭირო შეერთებები ისე, როგორც ეს სურათზეა მოცემული. სქემის შედგენა დამთავრებულია!

ახლა საჭიროა მიკროკონტროლერს მივუთითოთ იმ პროგრამაზე, რომელიც უნდა იქნას შესრულებული. ამისათვის მონიშნეთ Atmega8 და თაგუნას მარჯვენა ღილაკის მენიუში აირჩიეთ “Edit Properties”. ფანჯარაში “Program File:” ყვითელი ღილაკის გამოყენებით მოძებნეთ საჭირო პროგრამული კოდი, ანუ ფაილი Mc1day.hex, რომელიც მოთავსებულია ფოლდერში Mc1day, რომელიც თავის მხრივ იმყოფება “My Documents” ფოლდერში. გაუშვით სიმულაცია პროგრამის ინტერფეისის ქვემოთ მოთავსებული ღილაკის საშუალებით და დატკბით შუქდიოდის ციმციმით.

No comments:

Post a Comment